რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერდოღანი: დროა, ევროკავშირმა უკრაინის ომის ფონზე, ახალი ისტორია დაწეროს

REUTERS/Gleb Garanich

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომის ფონზე, ევროკავშირმა უნდა დაწეროს საკუთარი ისტორია თავიდან, რადგან ალიანსს დაავიწყდა მთავარი დამფუძნებელი პრინციპები. 

"დროა, ევროკავშირმა, რომელიც საკუთარ დამფუძნებელ პრინციპებს ჩამოშორდა და ბოლო წლებია წევრი სახელმწიფოების მოკლევადიანი პოლიტიკის გავლენის ქვეშაა, უკრაინის ომის ფონზე, ისტორია თავად დაწეროს". - თქვა ერდოღანმა.

ერდოღანის განმარტებით, 9 მაისს თურქეთი ევროპის დღეს 1999 წლიდან - მას, შემდეგ რაც გაერთიანების წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, აღნიშნავს. 

"შუმანის დეკლარაციით აღიარებულმა იდეებმა ევროპის ქვეყნებს საშუალება მისცა, რომ დაევიწყებინათ უთანხმოება და მტრობა, სამაგიეროდ - გაერთიანებულიყვნენ მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობისთვის". - აღნიშნა ერდოღანმა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები