რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი: არასდროს ვყოფილვარ უფრო მეტად დარწმუნებული, რომ უკრაინა გაიმარჯვებს

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და დაგმო რუსული აგრესია. ჯონსონის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს და იქნება თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო.

"როდესაც ჩვენ მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღვნიშნავთ, ამ დროს არაჩვეულებრივი ევროპელი ერი მტრის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ გადარჩენისთვის იბრძვის. დიდი პატივია, რომ მაქვს შანსი, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ გმირ უკრაინელ ხალხს დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა აქვს. ისინი არაფერს ითხოვენ გარდა იმისა, რომ საკუთარ მიწაზე მშვიდად და თავისუფლად იცხოვრონ, რისი უფლებაც ყველა ქვეყანას აქვს. ვისაც ამის სჯერა და თავისთვისაც იგივე სურს, ვალდებულებას იზიარებენ, რომ იდგნენ უკრაინის გვერდით პუტინის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. 75 დღეა, რაც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა დაიწყო, ისინი საპასუხოდ დაუღალავი სიძლიერითა და სიმამაცით იბრძვიან. იგერიებენ რუსების შეტევებს კიევზე და მსოფლიოს აჩვენებენ, რომ არცერთი რაოდენობის სამხედრო ძალას არ შეუძლია აჯობოს ადამიანებს, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ თავისუფლები იყვნენ. ჩვენ, დიდ ბრიტანეთში ვამაყობთ, რომ ომის დაწყებიდანავე მხარდამხარ ვდგავართ ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდით, ვაძლევთ მათ ჯაველინებსა და სხვადასხვა ტექნიკას, რაც რუსული ტანკებისგან, საჰაერო თავდასხმებისგან, საზღვაო იერიშებისგან თავის დასაცავად სჭირდებათ. ჩვენ მათ აგრეთვე გავუწიეთ 1 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტის ეკონომიკური, სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარება. პუტინის ომი ჩვენ დავგმეთ გაეროშიც და ყველა სხვა საერთაშორისო ფორუმზეც. როდესაც ეს ტანჯვა დასრულდება, დიდი ბრიტანეთი უკრაინას ქვეყნის აღდგენასა და ნებისმიერი სამომავლო თავდასხმისგან თავის დაცვაში დაეხმარება. ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, არასდროს ვყოფილვარ უფრო მეტად დარწმუნებული, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს, იქნება თავისუფალი, სუვერენული და კვლავ აღდგება. დიდი ბრიტანეთი იმდენი ხანი იქნება თქვენ გვერდით, რამდენიც ამის საჭიროება იქნება. მადლობა და დიდება უკრაინას". - ამბობს ჯონსონი.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები