რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ტრუდო: ომის სისასტიკეები მხოლოდ აძლიერებს სურვილს დავრწმუნდეთ, რომ პუტინი დამარცხდება

კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, 8 მაისი, 2022.
Sergei Supinsky/AFP/Getty Images

კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ კონფერენციაზე კიევში თქვა, რომ კანადა მომავალი წლიდან უკრაინიდან იმპორტირებულ საქონელზე სავაჭრო ტარიფებს მოხსნის.

ტრუდომ ასევე აღნიშნა, რომ კანადა უკრაინისთვის დამატებით სამხედრო დახმარებას გამოყოფს, რომელიც საჰაერო ხომალდებს, სატელიტურ გამოსახულებებს, მცირე იარაღს და სხვა აღჭურვილობებს მოიცავს. 

ჯასტინ ტრუდომ ევროპის გამარჯვების დღეს თავისუფლებისთვის მებრძოლი მილიონობით რუსი გაიხსენა, რომელთა ხსოვნასაც, მისი თქმით, პუტინი არცხვენს.

"დღეს ჩვენ გამარჯვების დღეს ვზეიმობთ ევროპაში, როდესაც ათწლეულების წინ ჯარისკაცები მოკავშირე ქვეყნებიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან - ერთმანეთის მხარ და მხარ იდგნენ ფაშიზმთან ბრძოლაში. ხოლო ის, რასაც ვლადიმირ პუტინი ბოლო კვირების მანძილზე ჩადის, იმ მილიონობით რუსის ხსოვნას არცხვენს, რომლებმაც თავისუფლებისთვის სიცოცხლე გაწირეს. აი, რას დატოვებს პუტინი ევროპაში" - ამბობს ტრუდო.

კანადის პრემიერმინისტრი მარიუპოლსა და ბუჩაში ჩადენილ სისასტიკეებსაც შეეხო. მისი სიტყვებით, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ჩადენილ, საზარელ ომის დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს.

"სისასტიკეები, რომლებიც რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში, ბუჩასა და სხვა ქალაქებში ჩაიდინეს, მხოლოდ აძლიერებს ჩვენს სურვილს, დავრწმუნდეთ, რომ პუტინი ამ ომს წააგებს. მან [პუტინმა] არასწორი გათვლები გააკეთა... პუტინმა უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და სიძლიერის გათვალისწინება ვერ შეძლო.

ჩვენ [მოკავშირეები] გავაგრძელებთ მოქმედებას მანამ, სანამ ამის საჭიროება იარსებებს, რათა მთელმა მსოფლიომ, მათ შორის მთელმა რუსეთმა გაიგოს, თუ რამდენად შეცდა ვლადიმირ პუტინი". - თქვა ტრუდომ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ასევე, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, კანადის პარლამენტმა რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები გენოციდად აღიარა. 

აპრილის დასაწყისში, კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ თქვა, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, ტერმინი "გენოციდი" აბსოლუტურად სწორად და ზუსტად მიესადაგება რუსეთის ქმედებებს. 

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მხრიდან უკრაინაში ჩადენილ ქმედებებს გენოციდი პირველად უწოდა. თუმცა, მოგვიანებით დასძინა, რომ საერთაშორისო სამართლის იურისტებმა უნდა გადაწყვიტონ, აკმაყოფილებს თუ არა ჩადენილი დანაშაულები გენოციდის კრიტერიუმებს.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები