რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მუდმივი წარმომადგენელი ყირიმში: ოკუპანტები ხერსონში 500-მდე ადამიანს სარდაფებში აწამებენ

REUTERS

ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენლის, თამილა ტაშევას ინფორმაციით, ოკუპანტები ხერსონში 500-მდე ადამიანს სარდაფებში აწამებენ. მისივე თქმით, ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი სამხედროები 2014 წელს ყირიმის დაპყრობის მსგავსი სცენარით მოქმედებენ. ინფორმაციას UNIAN-ი ავრცელებს.

"ჩვენი ინფორმაციით, 500-მდე ადამიანი სარდაფებში იმყოფება, სადაც მათ აწამებენ. ეს ხდება როგორც ხერსონში, ასევე ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მაგალითად, ქალაქ ნოვოალექსეევკასა და გენიჩესკში, საოკუპაციო ადმინისტრაციებს აქტივისტების ან ადამიანების სიები აქვთ, რომლებიც მონაწილეობდნენ ყირიმის სამოქალაქო ბლოკადაში ან  დონბასში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მსახურობდნენ. ისინი სახლებში მიდიან, მიჰყავთ, იტაცებენ". - თქვა ტაშევამ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ

კომენტარები