საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, ქვეყანამ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზეც დაასრულა მუშაობა და ის ევროკომისიას 10 მაისს გადაეცემა.
"გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზეც დაასრულა მუშაობა. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას და ჩვენ ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის საქართველომ ევროკომისიას კითხვარის ბოლო ნაწილი გადასცეს. როგორც იცით, კითხვარის მეორე ნაწილი უფრო მეტად ტექნიკური და სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებისთვისაც საკმაოდ დიდი ძალისხმევა გავწიეთ". - ამბობს დარჩიაშვილი.
2 მაისს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა.
საქართველოსა და მოლდოვას თვითშეფასების კითხვარი ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ 11 აპრილს გადასცა.