საქართველო-უკრაინა

"რა ცხოვრებით ცხოვრობდა" მიხაილო პოდოლიაკი

საქართველო-უკრაინა

"რა ცხოვრებით ცხოვრობდა" მიხაილო პოდოლიაკი

"პოდოლიაკი სამარცხვინო არსებაა – ჩემი თხოვნაა, ნახოთ, რა ცხოვრებით ცხოვრობდა"-  თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველზე, მიხაილო პოდოლიაკზე, რომელმაც საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "ამოუცნობია, როგორ შეიძლება ქართველებს ივანიშვილისნაირი ოლიგარქი ჰყავდეთ".  ტაბულამ თბილისის მერის "თხოვნა" გაითვალიწინა და პოდოლიაკის მცირე ბიოგრაფიას გთავაზობთ. 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი არის  უკრაინის დელეგაციის წევრი 2022 წელს რუსეთთან მოლაპარაკებებში. უკრაინელი პოლიტიკური სტრატეგი. პოდოლიაკი პოზიციონირებს, როგორც კრიზისმენეჯერი, ადრე მუშაობდა ჟურნალისტად.  ჟურნალ Focus-ის მიხედვით, ის გავლენით მესამე ადგილზეა უკრაინაში. 

ადრეული წლები და დეპორტაცია ბელარუსიდან

მიხაილო მიხაილოვის ძე პოდოლიაკი დაიბადა 1972 წლის 16 თებერვალს. მან ბავშვობა ლვოვში და ნოვოვოლინსკში გაატარა. 1989 წლიდან ცხოვრობდა ბელარუსში. მშობლები კი ლუცკში.

მან უმაღლესი განათლება მინსკის სამედიცინო ინსტიტუტში მიიღო, თუმცა, პოდოლიაკის, როგორც ექიმის მუშაობის შესახებ არაფერია ცნობილი. ექიმის კარიერის ნაცვლად, მან ცხოვრების საქმედ ჟურნალისტიკა აირჩია. 

მინსკში პოდოლიაკმა 1991 წლიდან მუშაობა დაიწყო გაზეთებში FM-бульвар, Время, Народная воля  და Белорусская деловая газета. მოგვიანებით მისი სტატია გამოქვეყნდა გაზეთ ჩვენი თავისუფლებაში. 2002 წელს ამ პუბლიკაციაში გამოქვეყნდა მისი კრიტიკული სტატია სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ხელმძღვანელის ანატოლი ტოზიკის შესახებ. ანატოლი ტოზიკმა სასამართლოში იჩივლა, დავა მოიგო და გამოცემა 60 000 დოლარით დაჯარიმდა. მედიამ თანხის გადახდა ვერ შეძლო და ოპოზიციური გამოცემა იძულებული გახდა მუშაობა შეეწყვიტა. 

ამის შენდეგ პოდოლიაკმა მუშაობა გაზეთ Время-ში განაგრძო. ამ გამოცემაში ის რეგულარულად აქვეყნებდა კრიტიკულ მასალებს ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ. 2004 წლის 21 ივნისს მას ბელარუსის KGB-ს თანამშრომლები ესტუმრნენ და გადასცეს უწყება, რომელშიც ეწერა, რომ ჟურნალისტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და ის სასწრაფოდ უნდა გაძევებულიყო უკრაინაში. პოდოლიაკს ქვეყანაში ყოფნა 5 წლით აეკრძალა. 

პოდოლიაკი დეპორტაციის მიზეზად თავის სტატიას ასახელებს, რომლის სათაურიც იყო "ვინ შეიძლება შეცვალოს ლუკაშენკო ბელორუსის პრეზიდენტის პოსტზე". ცნობილია, რომ მისი ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება 16 ივნისს მიიღეს, თუმცა თავად ჟურნალისტს მხოლოდ დეპორტაციის დღეს ეცნობა. 

კარიერა უკრაინაში

უკრაინაში დაბრუნებულ მიხაილ პოდოლიაკს, როგორც გამოცდილ ჟურნალისტს სამსახურთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია.

უკვე 2005 წელს მუშაობდა Української газети-ს რედაქტორად. იმავე წლიდან ის უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელის ყოფილი მრჩევლის, გავლენიანი ბიზნესმენის, ვადიმ გრიბის პიარიც გახდა, რომელმაც ის მიხაილ ბროდსკის გააცნო.  ბროდსკის ეკუთვნოდა გამოცემა Obozrevate და 2006 წლიდან პოდოლიაკი მისი თანამშრომელი გახდა. 

იმავე წელს პოდოლიაკმა დაარეგისტრირა საკუთარი პიარ კომპანია, რომელიც მომსახურებას უწევდა უკრაინელ, რუს და ბელორუს პოლიტიკოსებს.  ენერგიული ჟურნალისტი და პიარმენეჯერი მალე პოპულარული გახდა უკრაინაში.

პოდოლიაკი იყო უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლიოვოჩკინის მრჩეველი. შემდგომში გახდა იური ივანიუშჩენკოს (იურა ენაკიევსკი) მრჩეველი და გამართა არაერთი ღონისძიება ბიზნესმენის სკანდალური რეპუტაციის გამოსასწორებლად.

2011 წელს მიხაილ პოდოლიაკის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ ჟურნალისტი გახდა Obozrevatel-ის მთავარი რედაქტორი. იმავე წლის ივნისში, პოდოლიაკი იმ ექვს ჟურნალისტს შორის იყო, რომლებიც პირველად მიიწვიეს პრეზიდენტის რეზიდენციაში.

ამ ინტერვიუს შემდეგ პოდოლიაკმა დაწერა: "პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა (მოულოდნელად) თამამად და გულახდილად ისაუბრა... უკრაინაში არსებული სახელმწიფო ინფრასტრუქტურის არასრულყოფილებაზე... პრეზიდენტს, პოპულარული პიარ აზრის საწინააღმდეგოდ, ძალიან კარგად ესმის პრობლემები იმ ქვეყნის, რომელსაც მართავს". 

2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებში, პოდოლიაკი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეხმარებოდა ანატოლი მატვიენკოს, სანამ მან კანდიდატურა არ მოხსნა. 2013 წლიდან კი ის არაოფიციალურად მუშაობდა კიევის მერთან, ალექსანდრ პოპოვთან. იმავე წელს მან დატოვა Obozrevatel-ის მთავარი რედაქტორის პოსტი. 

2015 წლის ადგილობრივ არჩევნებში პოდოლიაკი ეხმარებოდა პარტიას "მოძრაობა რეფორმებისთვის" და მის ლიდერს სერგეი დუმჩევს, რომელმაც ხმების მხოლოდ 4% მიიღო.  ამავდროულად, გავრცელდა ჭორები, რომ პოდოლიაკი ხელმძღვანელობდა პეტრო პოროშენკოს ბლოკის კიევის შტაბს. თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

მას შემდეგ, რაც ხალხის მსახურმა გაიმარჯვა 2019 წლის საპარლამენტო არჩევნები, პოდოლიაკმა დაიწყო საპრეზიდენტო პარტიის კრიტიკა და მის წარმომადგენლებს უწოდა "წვრილმანი და ამპარტავანი ცინიკოსების თაიგული". პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრე ერმაკს პოდოლიაკმა ზელენსკის ზურგს უკან ბნელი დემონი უწოდა. ის ამბობდა, რომ ერმაკს აქვს იგივე პრობლემები, რაც ახალი გუნდის წარმომადგენელთა უმეტესობას - პირადი მე-ს შეუსაბამობა ამოცანებთან, რომლებიც უნდა გადაწყდეს.

მიუხედავად ამისა, მოულოდნელად, ერმაკმა მას თანამდებობა შესთავაზა, რაზეც პოდოლიაკი დასთანხმდა და 2020 წლის აპრილიდან ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველია. 

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი

პოდოლიაკი ანტიკრიზისული მენეჯერია.  მან პრეზიდენტის ოფისში გაწევრიანების გადაწყვეტილება ახსნა "ეფექტური, კომპაქტური, მაგრამ მკაცრი სახელმწიფოს" აშენების სურვილით.

პოდოლიაკი ამჟამად ზედამხედველობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა საინფორმაციო პოლიტიკას და უშუალოდ კონსულტაციას უწევს ზელენსკის. გარდა ამისა, ის "ამზადებს" უკრაინის მთავრობის წევრებს გადაცემებისთვის. 

მიხაილო პოდოლიაკი თამამად საუბრობს ფრაქციის ზოგიერთ დეპუტატთან არსებულ პრობლემებზე, აანალიზებს პარტიის წარუმატებლობებს ადგილობრივ არჩევნებში და სხვა. 

მოლაპარაკებები რუსეთთან 

2022 წლის თებერვალში მიხაილ პოდოლიაკი გახდა უკრაინის დელეგაციის წევრი რუსეთთან მოლაპარაკებებში და ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი უკრაინული მხრიდან ომის დროს. 

 

კომენტარები