რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ბოლო 24 საათში ლუგანსკსა და დონეცკში ფრონტის ხაზი ვერ გაარღვიეს – უკრაინა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში ფრონტის ხაზის გარღვევის მცდელობებით "ვერავითარ წარმატებას" ვერ მიაღწიეს. 

"ლიმანის, სევეროდონეცკისა და პოპასნაიას ტერიტორიაზე მტრის ქვედანაყოფები შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ცდილობენ, თუმცა წარუმატებლად". - წერია განცხადებაში. 

გენერალური შტაბის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტების 11 თავდასხმა მოიგერიეს. მათივე ცნობით, რუსი ჯარისკაცების ნაწილმა საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი თქვა. უკრაინის ინფორმაციით, მიზეზი დანაკარგებია. 

ბოლო 24 საათში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში ექვსი ადამიანი დაშავდა. უკრაინის ცნობით, დაზიანდა, სულ მცირე, სამი შენობა, სკოლა და საბავშვო ბაღი. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები