რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ირპენის გათავისუფლების შემდეგ ქალაქში, სულ მცირე, 290 ცხედარი იპოვეს – მერი

John Moore/Getty Images

ირპენის მერის, ალექსანდრ მარკუშინის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტებისგან ქალაქის გათავისუფლების შემდეგ, ირპენში, სულ მცირე, 290 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

მარკუშინის ცნობით, დაღუპულთაგან 185 იდენტიფიცირებულია - მათი უმრავლესობა კაცი იყო. გარდაცვალების მიზეზი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებია. 

მარკუშინის ინფორმაციით, სულ მცირე, 5 ადამიანის დაღუპვის მიზეზი თავის ტვინის დაზიანებები და შიმშილი იყო. ხუთი ადამიანი კი ოკუპანტებმა ბავშვთა განვითარების ცენტრის შენობაში დახვრიტეს. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები