რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საპასუხო ახალ ზომებს.
ხელმოწერილი დადგენილების მიხედვით, ზომები მიღებულია "ეროვნული ინტერესების დაცვის" მიზნით, არის პასუხი "ამერიკის შეერთებული შტატებისა და მასთან გადაჯაჭვული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არამეგობრული და საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია რუსეთის ფედერაციის, რუსეთის ფედრაციის მოქალაქეებისა და რუსი იურიდიული პირების საკუთრების უფლების შეზღუდვისკენ ან ჩამორთმევისკენ".
სახელმწიფო ორგანოებს, ასევე ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, ეკრძალებათ "შეასრულონ გარიგებები (მათ შორის საგარეო სავაჭრო კონტრაქტების გაფორმება) იმ იურიდიულ პირებთან, ფიზიკურ პირებთან და მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ორგანიზაციებთან, რომელთა მიმართებაშიც მიღებულია სპეციალური ეკონომიკური ზომები; სანქციების ქვეშ მყოფი პირების წინაშე შესრულებული გარიგების (მათ შორის დადებული საგარეო სავაჭრო კონტრაქტების) ვალდებულებების შესრულება, თუ ასეთი ვალდებულებები არაა შესრულებული ან სრულად არაა შესრულებული".
ამას გარდა, აიკრძალა რუსეთის საზღვრებს გარეთ იმ პროდუქციის ან ნედლეულის გატანა, რომლის წარმოება ან მოპოვება ფედერაციაში ხდება და თუ ეს პროდუქტი სანქცირებულ პირებს მიეწოდებათ.
ასევე აკრძალულია ფინანსური ოპერაციების განხორციელება, თუ ბენეფიციარები სანქციების ქვეშ მყოფი პირები არიან.
რუსეთის ფედერაციის მთავრობას დაევალა 10 დღის ვადაში დაამტკიცოს სანქცირებულ პირთა სია.
რუსეთის ფედერაციას დასავლურმა ქვეყნებმა რიგი სანქციები უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესეს.





