რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანილოვი: უნგრეთმა უკრაინაზე თავდასხმის შესახებ იცოდა, ტერიტორიის წაღება სურდათ

ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის მტკიცებით, უნგრეთმა იცოდა, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აპირებდა და მათ ტერიტორიის მიტაცებაც სურდათ. 

"უნგრეთი ღიად აცხადებს რუსეთის ფედერაციასთან საკუთარი თანამშრომლობის შესახებ. მეტიც, პუტინის მიერ გაფრთხილებული იყვნენ, რომ ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმა იქნებოდა. თქვენ ნახეთ მათი პოზიცია". – თქვა დანილოვმა.

დანილოვის მტკიცებით, უნგრეთს უკრაინის ტერიტორიის მიტაცებაც სურდა. 

"რატომღაც თვლიდნენ, რომ ტერიტორიის საკუთარ წილს აიღებდნენ. ეს არასდროს მოხდება. ვიხილავთ ამ ქვეყნისთვის რა შედეგები მოჰყვება ამ ომს". – თქვა დანილოვმა.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთი აპირებს ვეტო დაადოს ევროკავშირში რუსულ ენერგომიმწოდებლებზე შეზღუდვების დაწესებას. ამას გარდა, ამავე ინფორმაციით, უნგრეთი შესაძლოა რუსული ბუნებრივი აირისა და ნავთობის საფასურის რუბელბში გადახდას აპირებდეს.

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ გაუარესდა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები