საქართველო-გერმანია

"თუ ვინმეს შეიძლება ეწოდოს ძველი მეგობარი, ეს გერმანიაა" – ზურაბიშვილი შტაინმაიერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბერლინში თავის გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შეხვედრაზე განხილვის თემები: უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, საქართველო - გერმანიის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები, გერმანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და რეგიონში არსებული მდგომარეობა იყო.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა მიდგომები შეცვალა კანდიდატი ქვეყნებისადმი და ის უფრო პოლიტიკური გახდა. აგრეთვე, შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში და სოლიდარობას უცხადებს მას.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, სიმბოლურია, რომ ბერლინის შეხვედრა საქართველო - გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 30 წლისთავს ემთხვევა. საქართველო არ ივიწყებს იმ პერიოდში ესოდენ მნიშვნელოვან როლს, რომელიც გერმანიამ ითამაშა საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მხარდაჭერის მიმართულებით. ,,თუ ვინმეს შეიძლება ეწოდოს ძველი მეგობარი, ეს გერმანიაა". - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო განაგრძობს მის მიერ არჩეულ გზას.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში მიიწვია.

კომენტარები