უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიტყვებს, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ებრაულ წარმომავლობას ეხებოდა.
კულებამ TWITTER-ზე დაწერა, რომ ლავროვის განცხადება პრეზიდენტ ზელენსკისთვის შეურაცხმყოფელია.
"მინისტრმა ლავროვმა ვერ დამალა რუსეთის ელიტაში ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი. მისი ამაზრზენი კომენტარები შეურაცხმყოფელია პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის, ისრაელისა და ებრაელი ხალხისთვის. უფრო ფართო გაგებით, მისი სიტყვები აჩვენებს, რომ თანამედროვე რუსეთი სავსეა სხვა ხალხების სიძულვილით".- წერს კულება.
სერგეი ლავროვს იტალიური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰკითხეს, თუ როგორ ამტკიცებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის "დენაციფიკაციის" მცდელობას, მაშინ, როცა ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ებრაელია.
"მერე რა რომ ზელენსკი ებრაელია. ეს ფაქტი უკრაინაში ნაცისტურ ელემენტებს არ აქრობს. მგონი, ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა... ზოგიერთი ყველაზე უარესი ანტისემიტი ებრაელია". – უპასუხა სერგეი ლავროვმა შეკითხვას.