რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბრძოლო ვითარება უკრაინაში პირველი მაისისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

უკრაინელი სამხედრო ბუჩის ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე ქალაქის დაბრუნებას აღნიშნავს, 2022 წლის 2 აპრილი.
Rodrigo Abd/AP

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალები სამხრეთ უკრაინაზე კონტროლის დამყარების მცდელობებს განაგძობენ. რუსული წყაროების ინფორმაციით, მაღაზიები ოკუპირებულ მელიტოპოლსა და ვოლნოვახაში რუსული რუბლის გამოყენებას იწყებენ. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ხერსონში რუბლის გამოყენება პირველი მაისიდან დაიწყება. ეს ზომები მიუთითებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, ამ ტერიტორიებზე კონტროლის შენარჩუნებას გეგმავს.

დასავლური და უკრაინული წყაროები აცხადებდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, შესაძლოა, 9 მაისს რუსი სამხედროების „გენერალური მობილიზაცია“ გამოაცხადოს.

კრემლი, სავარაუდოდ, პარტნიორების მეშვეობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO) დასავლური სანქციების თავიდან აცილებას შეეცდება. უკრაინის სამხედრო დაზვერვა (GUR) იტყობინება, რომ რუსეთი CSTO-ს წევრებს ნედლეულისა და ორმაგი დანიშნულების მქონე ტექნოლოგიების შეძენას აიძულებს, რომლებსაც რუსეთი დასავლეთის სანქციების გამო ვერ შეიძენს. GUR-მა განაცხადა, რომ ეს ძალისხმევა გაზრდის CSTO-ს წევრების ეკონომიკურ დამოკიდებულებას რუსეთზე და სანქციებისთვის თავის არიდების საშუალებას მისცემს. 

რუსეთის სამხედრო ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ფილტრაციის ზომებს“ იღებენ და  უკრაინის მოქალაქეებს იტაცებენ. უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველოს (GUR) ინფორმაციით, ოკუპანტები მსგავსს ზომებს ხარკოვში, ზაპოროჟიაში, ხერსონში, მიკოლაივში, ლუგანსკსა და დონეცკის ოლქებში იღებენ. „ფილტრაცია“ მიზნად ისახავს სრულწლოვანი მამაკაცების, ყოფილ სამხედრო და სამართალდამცავ პერსონალისა და პროუკრაინელი აქტივისტების დაკითხვას, წამებისა და შესაძლო სიკვდილით დასჯას. GUR-ის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინელ მძევლებს ყირიმში დამატებით აგზავნიან, რათა მომავალში ტყვეების გაცვლაში უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალონ. 

  • უკრაინის სამხედრო ძალებმა, სავარაუდოდ, 30 აპრილს იზიუმში, რუსეთის სამეთაურო პუნქტზე სარაკეტო საარტილერიო თავდასხმები განახორციელეს, რომელიც მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის შტაბი ვალერი გერასიმოვმა დატოვა, თუმცა შემთხვევას სხვა მაღალი რანგის მქონე რუსი ოფიცრები შეეწირენ.
  • რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით წინსვლას განაგძობენ.
  • რუსული და მარიონეტული ძალები აგრძელებდნენ მობილიზებას დნესტრისპირეთში

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები