რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდინი: ლიდერები, რომლებიც უკრაინას იარაღით ამარაგებენ, ომის დამნაშავეები არიან

ვიაჩესლავ ვოლოდინი
TASS

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიასეჩლავ ვოლოდინის მიხედვით, ქვეყნების ლიდერები, რომლებიც უკრაინას სამხედრო იარაღით ამარაგებენ, ომის დამნაშავეები არიან.

"გერმანიის ლიდერობით ევროპული ქვეყნების მეთაურებს საკუთარი მოსახლეობის სერიოზულ კონფლიქტში ჩართვა შეუძლიათ. უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით ისინი ომის მონაწილეები ხდებიან.

ისინი დუმდნენ, როდესაც რვა წლის წინ ნაცისტებმა ოდესაში მშვიდობიანი მოსახლეობა ცოცხლად დაწვეს, დონბასის მოსახლეობის დასაცავად არაფერი გააკეთეს. დღეს კი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მეტი სლავური წარმოშობის ადამიანი მოკვდეს.

თავიანთი ქმედებებით სამყაროს კატასტროფამდე მიიყვანენ. ქვეყნების ლიდერებმა, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან, საკუთარი რეპუტაცია შელახეს და პასუხი უნდა აგონ, როგორც ომის დამნაშავეებმა". - წერს ვოლოდინი Telegram- ზე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები