რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თუ რუსეთი ბიო-ქიმიურ ან ბირთვულ იარაღას გამოიყენებს, აშშ-ს ჩართვა უნდა შეეძლოს – რეზოლუცია

რესპუბლიკელი კონგრესმენი და კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი
saukvalley

კონგრესმენი ადამ კინზინგერი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში წარადგენს ერთობლივ რეზოლუციას, რომელიც აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს ნებას დართავს ჩაერთოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ბრძოლაში, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ქიმიურ, ბიოლოგიურ ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

"მე წარვადგენ სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ავტორიზაციას, როგორც მკაფიო წითელი ხაზს, რათა ადმინისტრაციამ მიიღოს შესაბამისი ზომები, თუ რუსეთი გამოიყენებს ქიმიურ, ბიოლოგიურ და/ან ბირთვულ იარაღს. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ კაცობრიობას და უნდა დავდგეთ ჩვენი მოკავშირეების გვერდით.

როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, პუტინი შეჩერებულ უნდა იქნას. შესაბამისად, მსოფლიოს უდიდესი ჯარის მთავარსარდალს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება და საშუალებები, რომ ამისთვის საჭირო ნაბიჯები გადადგას". – თქვა ადამ კინზინგერმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები