უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ უკვე გაანადგურა 1 000-ზე მეტი რუსული ტანკი, თითქმის 200 რუსული თვითმფრინავი და 2 500 ჯავშანიანი საბრძოლო მანქანა. მისი განმარტებით, ამ დანაკარგის მიუხედავად, რუსულ ჯარებს დამატებითი თავდასხმებისთვის კვლავ აქვთ აღჭურვილობა.
"რა თქმა უნდა, მარაგში ოკუპანტებს ისევ აქვთ აღჭურვილობა. დიახ, მათ ჯერ კიდევ აქვთ რაკეტები ჩვენს ტერიტორიაზე იერიშისთვის. თუმცა, ამ ომმა უკვე ისე დაასუსტა რუსეთი, რომ მოსკოვში დაგეგმილი [9 მაისის] აღლუმისთვის სამხედრო ტექნიკის შემცირება მოუწიათ". - თქვა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ, ასევე, დამატებით აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან რუსეთმა 23 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.
რუსეთის მხარე დაღუპულ ჯარისკაცთა რაოდენობას აქვეყნებს, თუმცა მათი რიცხვი იმდენად დაბალია რომ მონაცემთა სანდოობა ეჭვქვეშ დგება. NATO-ს ორმა წარმომადგენელმა რუსეთის სამხედრო დანაკარგი 7 000-დან 15 000 ჯარისკაცამდე შეაფასა.
თვის დასაწყისში დმიტრი პესკოვმა Sky News-თან ინტერვიუში აღიარა, რომ რუსეთმა ომში მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. "ეს ტრაგედიაა ქვეყნისთვის", - თქვა კრემლის სპიკერმა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





