დეგნანი სააკაშვილზე: მოვუწოდებთ, სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ხელისუფლებას ექსპრეზიდენტ მიხეილ ჯავახიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

"ვიცი, რომ იზრდება შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით მისთვის შესაბამისი, სათანადო სამედიცინო მკურნალობა გაწევას, რადგან ეს ადამიანის ძირითადი უფლებაა. როგორც ვიცი, პენიტენციურმა სამსახურმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ისინი უწევენ სამედიცინო დახმარებას. ამბობენ იმასაც, რომ ზოგიერთ მათგანზე თავად სააკაშვილი ამბობს უარს. ჩვენ მოვუწოდებთ, ყურადღებითა და სერიოზულობით მიუდგნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის მანდატი გახლავთ ნებისმიერი ადამიანის უფლებების დაცვა, შესაბამისად, ამ რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოვუწოდებთ". – თქვა დეგნანმა.

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განმარტებით, იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილს საჭირო ცილები არ მიეწოდება, იგი საკუთარ ორგანიზმს შლის, რასაც დეპრესია ემატება და ანორექსიას იწვევს.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას რეკომენდაციით, საჭიროა ჩამოყალიბდეს სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებს.

კომენტარები