რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მერი: რუსებმა მარიუპოლში 2 თვეში იმაზე მეტი ადამიანი დახოცეს, ვიდრე ნაცისტებმა 2 წელში

რუსი ოკუპანტები მარიუპოლის შემოგარენში
ria.ru

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, რუსულმა ჯარებმა უკანასკნელ ორ თვეში იმაზე მეტი ადამიანი დახოცეს მარიუპოლში, ვიდრე ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს. ამასთანავე, მერის თქმით, "რაშისტები ნაცისტების მსგავსად მოსახლეობას იტაცებენ". 

"ორ წელში ნაცისტებმა მარიუპოლში 10 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე, რუსმა დამპყრობლებმა კი ბოლო ორ თვეში - 20 ათასზე მეტი მარიუპოლის მაცხოვრებელი დახოცეს, 40 ათასზე მეტი კი იძულებით გადაასახლეს" - თქვა ბოიჩენკომ.

28 აპრილს მერმა აღნიშნა, რომ ქალაქის მცხოვრებ 100 000-მდე ადამიანს, ათასობით გვამის გახრწნისა და ანტისანიტარიის გამო სასიკვდილო საფრთხე ემუქრებათ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები