რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბოლო 24 საათში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ოკუპანტების 14 შეტევა მოვიგერიეთ – უკრაინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების 14 შეტევა მოიგერიეს.

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ცნობით, პარასკევს, 29 აპრილს, ოკუპანტების შეტევის შედეგად ორი სკოლა და 20 სახლი განადგურდა -  რუბიჟნესა და პოპასნაიაზე თავდასხმა გრძელდება. მისი ცნობით, ოკუპანტებმა გასული დღის განმავლობაში 16 საარტილერიო შეტევა განახორციელეს.

გაიდაის ინფორმაციით, პოპასნაიადან 31 ადამიანი გამოიყვანეს, თუმცა ორ საევაკუაციო ავტობუსს რუსმა ოკუპანტებმა ესროლეს - სროლის შემდეგ მანქანებში მყოფ ადამიანებთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები