მიხეილ სააკაშვილი

პენიტენციური სააკაშვილზე: ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე კითხვები გვაქვს

მიხეილ სააკაშვილი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ნებისმიერი ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა არ მიეწოდება, სიცრუეა და "საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობაა".  

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ პენიტენციურ სამსახურს სახალხო დამცველის მიერ შემქნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე კითხვები აქვს, რომლებსაც ნინო ლომჯარიას მიაწოდებენ. 

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მასთან იმყოფებოდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც 28 აპრილს პენიტენციურ სამსახურს მიაწოდა დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ. დასკვნის დანართი, სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით, არ არის საჯარო. დოკუმენტი მოიცავს მსჯავრდებულის ჩივილებს, მიღებულ მედიკამენტებს, ექსპერტების შთაბეჭდილებებსა და დამატებით რეკომენდაციებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს აქვს კითხვები, რომლებიც მოკლე ვადაში მიეწოდება სახალხო დამცველს. არგუმენტირებული პასუხის მიღების, გაანალიზებისა და პოზიციების დაზუსტების შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

პენიტენციური სამსახური მოუწოდებს "პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს", შეწყვიტონ "მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია". 

"მას შესახლების დღიდან არაერთხელ ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევა და მიეწოდა სათანადო მკურნალობა, როგორც N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე N18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება, თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდება ადეკვატური მკურნალობა, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა.

პენიტენციური სამსახური სრულად უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი მედიკამენტებით. თუმცა, იგი, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის მიუხედავად, საკუთარი გადაწყვეტილებით, არ იღებს მისთვის გათვალისწინებული პრეპარატების გარკვეულ ნაწილს". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

პენიტენციურის ცნობით, სააკაშვილი უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით, ასევე, აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში არსებული ჩამონათვალიდან კვების ნებისმიერი პროდუქტი. ასევე, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ის რეგულარულად იღებს ამანათებსაც. 

"შესახლების დღიდან მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა 788 ვიზიტორი და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ პირს აქვს მისი მონახულების შესაძლებლობა. მას აქვს ყოველდღიურად სუფთა ჰაერზე ყოფნისა და გასეირნების უფლება, რასაც არ იყენებს, საკუთარი გადაწყვეტილებით. ასევე, სრულად დაცულია მისი ყველა სხვა უფლება. შესაბამისად, აპელირება მისი უფლებების შესაძლო დარღვევაზე არის მანიპულაციური მეთოდით არსებული ვითარების მკვეთრად დამახინჯების მცდელობა". - წერს პენიტენციური სამსახური. 

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განმარტებით, იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილს საჭირო ცილები არ მიეწოდება, იგი საკუთარ ორგანიზმს შლის, რასაც დეპრესია ემატება და ანორექსიას იწვევს. 

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მისი საზღვარგარეთ გადაყვანისთვის ხელისუფლებას დროს ორშაბათამდე, 2 მაისამდე აძლევს.  

კომენტარები