ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანა უკრაინის დედაქალაქ კიევში საელჩოს ხელახლა გახსნის.
ნიდერლანდებმა დიპლომატთა გუნდი უკრაინიდან 26 თებერვალს, რუსეთის ჯარების შემოჭრიდან ორი დღის შემდეგ გაიყვანა. გასულ კვირას კი, ლვოვში საელჩო ხელახლა გახსნა.
"საელჩოს მცირე გუნდი იქ [კიევში] უკრაინის ხელისუფლებასა და სხვა დაბრუნებულ პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურად ითანამშრომლებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, უკრაინას მხარდაჭერას ადგილზევე ვუცხადებთ". - წერს Twitter-ზე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ვოპკე ჰოექსტრა.
ნიდერლანდების გარდა, რამდენიმე სხვა ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, ესპანეთმა, ჩეხეთმა და ავსტრიამ კიევში დიპლომატიური საქმიანობა უკვე აღადგინეს. დიდი ბრიტანეთი კი, დიდი ალბათობით, კიევში საელჩოს მომდევნო თვის დასაწყისში გახსნის.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. ამის ფონზე, მოსკოვი მათ ""რუსოფობიაში" ადანაშაულებს.





