ევროკავშირი-საქართველო

დარჩიაშვილი: ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი უკვე შევავსეთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, ქვეყანამ ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილის შევსება უკვე დაასრულა და ის ევროკომისიას 2 მაისს გადაეცემა.

"აღსანიშნავია, რომ 15 აპრილს, როდესაც ჩვენი წინა კომისიის ფარგლებში გვქონდა შეხვედრა, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან განისაზღვრა კონკრეტული შიდა თარიღები, რომლის ფარგლებშიც უნდა მომზადებულიყო ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი, რომელიც გადმოგვეცა. მინდა გაცნობოთ, რომ ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობით, აღნიშნული კითხვარის პირველი ნაწილი უკვე მომზადდა. ამისთვის უზარმაზარი შრომა გაიწია. საქართველოს მთავრობა 2 მაისს კითხვარის პირველ ნაწილს ევროკომისიას გადასცემს. რაც შეეხება ბოლო ნაწილს, ეს არის სექტორული ნაწილი, რომელიც უფრო ტექნიკური და სპეციფიკურია და მოიცავს დაახლოებით 2 300 კითხვას. ამ დოკუმენტზე მუშაობა ყველა უწყებას დაწყებული აქვს. ამ დოკუმენტის ევროპელ პარტნიორებთან გაზიარების დადგენილი ვადა არის 13 მაისი". - თქვა დარჩიაშვილმა.

საქართველოსა და მოლდოვას თვითშეფასების კითხვარი ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ 11 აპრილს გადასცა.

კომენტარები