აშშ-საქართველო

პელოსი: აშშ-ს კონგრესი ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. ამის შესახებ პელოსი სოციალურ ქსელში წერს.

"პრივილეგია მქონდა, აშშ-ს კაპიტოლიუმში მიმეღო საქართველოს პრეზიდენტი, მისი აღმატებულება სალომე ზურაბიშვილი. კონგრესი ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით და ჩვენ განვაგრძობთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე". - წერს ტვიტერზე პელოსი.

ნენსი პელოსი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებასაც გამოეხმაურა.

"საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებით, წარმომადგენელთა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონო ოკუპაციის წინაააღმდეგია. ეს ორპარტიული კანონმდებლობა უფლებას იძლევა, სანქციები დაუწესდეთ იმ პირებს, რომლებიც რუსეთის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების თანამონაწილეები არიან". - წერს ნენსი პელოსი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ რეგიონში არსებული ვითარება და უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილეს.  

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა ნენსი პელოსი პირადად მოიწვია თბილისში, მაისში დაგეგმილ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც, მისი ინიციატივით, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნება.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ნენსი პელოსის მადლობა გადაუხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიღებისათვის და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკის მხარდაჭერასა და საქართველო-ამერიკის მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

კომენტარები