მიხეილ სააკაშვილი

თუ უცხოეთში გადაიყვანენ, სააკაშვილი, "ალბათ, მზადაა", პოლიტიკას ჩამოშორდეს – ცისკარიშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ალბათ, მზად არის", რომ ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდეს.  

"ამასთან დაკავშირებით მანაც გააკეთა განცხადება. არ ვიცი, პიროვნულად მისი გადასაწყვეტია, ალბათ, მზად არის, იმიტომ, რომ აქ სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა. თუ ასე გაგრძელდა, როგორც არის, ადამიანი, უბრალოდ, აღარ იქნება, ის გარდაიცვლება, მოკვდება მიხეილ სააკაშვილი.

რა თქმა უნდა, შეიძლება იმდენი ესმის ქართულ ოცნებას, რომ მესამე პრეზიდენტის სიკვდილი მათთვისაც დამაზიანებელი აღმოჩნდება და ქვეყანა ძალიან დიდ ქაოსში და უბედურებაში ჩავარდება. ყველასთვის დამაზიანებელი იქნება და ისინიც ჩაყვებიან ამას, ხეირს და სარგებელს ვერ მიიღებს ქართული ოცნება. შუალედურად აკვირდებიან, რომ დაინვალიდებამდე მიიყვანონ. ამიტომ ვართ ჩვენ შეშფოთებულები და შეძრწუნებულები". - ამბობს ციხკარიშვილი პალიტრანიუსთან.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მისი საზღვარგარეთ გადაყვანისთვის ხელისუფლებას დროს ორშაბათამდე, 2 მაისამდე აძლევს.  

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განმარტებით, იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილს საჭირო ცილები არ მიეწოდება, იგი საკუთარ ორგანიზმს შლის, რასაც დეპრესია ემატება და ანორექსიას იწვევს.

კომენტარები