რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საელჩო: დისკუსიებს ომის პარტიებსა და მეორე ფრონტის გახსნაზე, გაკვირვებით ვუყურებთ

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, ანდრეი კასიანოვის თქმით, ისინი საქართველოში მიმდინარე დისკუსიებზე, რომლებიც ომის პარტიებსა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ეხება, გაკვირვებას ვერ მალავენ.

"ჩვენ ძალიან გაკვირვებით ვუყურებთ საქართველოში შიდა დისკუსიებს, რომლებიც ეხება ომის პარტიებს და მეორე ფრონტის გახსნას. ეს გვიკვირს, რადგან უკრაინას რუსეთის ფედერაციასთან ომი არ დაუწყია. ჩვენ რუსეთი თავად დაგვესხა თავს. ჩვენთვის გვიკვირს, იმიტომ, რომ უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სხვა პარტია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ გამარჯვების პარტია. უკრაინის შეიარაღებული ძალები, უკრაინელი ხალხი, უკრაინის პრეზიდენტი და უკრაინის უმაღლესი რადა ამას ყოველდღე აჩვენებენ". - თქვა კასიანოვმა საქართველოში უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები