მოლდოვა

სანდუ: მოლდოვამ ყველა გზა უნდა გამოიყენოს პროფესიონალი და თანამედროვე არმიის შესაქმნელად

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, ქვეყანას ბრძოლისუნარიანი არმია არ ჰყავს. მისი თქმით, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, მოლდოვის არმია სამხედრო აღჭურვილობის, ტექნიკისა და ბრძოლისუნარიანობის გარეშე დარჩა.

"უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მოლდოვის არმია სამხედრო აღჭურვილობის, ტექნიკისა და ბრძოლისუნარიანობის გარეშე დარჩა. ამის შედეგებს ახლა ვაცნობიერებთ". - თქვა სანდუმ.

ამასთან, სანდუმ აღნიშნა, რომ ქვეყანას არ აქვს ეფექტური ფარი საფრთხის წინააღმდეგ, რადგან არ განავითარა სამხედრო პოტენციალი, არ შექმნა ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტები და არ განავითარა სოციალური მდგრადობა.

სანდუს თქმით, ამავდროულად, მოლდოველი სახმედროები, რომლებიც გაეროსა და ეუთოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობენ, პროფესიონალების რეპუტაციით სარგებლობენ.

მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, კარგად გაწვრთნილი არმია ქვეყანას აძლევს თავდაჯერებულობას, სტრატეგიული არჩევანის თავისუფლებას და მოლდოვამ ყველა გზა უნდა გამოიყენოს პროფესიონალი და თანამედროვე არმიის შესაქმნელად.

"ეს არის ინვესტიცია ქვეყნის უსაფრთხოებასა და დაცვაში. ახლა, როდესაც ჩვენს საზღვრებთან ომია, ჩვენ ეს კარგად გვესმის". - თქვა სანდუმ.

კომენტარები