საქართველოს პარლამენტი

ტროტუარზე გაჩერებული მანქანა ევაკუაციას დაექვემდებარება, იზრდება ჯარიმები – კანონპროექტი

პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატებმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი შეიმუშავეს, რომლის თანახმად, გაიზრდება ჯარიმა ავტომობილის არასწორად პარკირებისთვის, ამასთან, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე ავტომობილის პარკირება დაუყოვნებლივ დაექვემდებარება ევაკუაციას.

პროექტის თანახმად:

  • მუნიციპალიტეტს მიენიჭება უფლება განსაზღვროს საავტობუსო ზოლზე ტაქსის გადასვლის ადგილები და პირობები; 
  • უქმდება მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვების წესი, სამართალდამრღვევს ოქმი გაეგზავნება სტანდარტული წესით და ამავდროულად მიუვა SMS შეტყობინება; 
  • ამასთან, ავტომობილის – ველოსიპედის ბილიკზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება; ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება; სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება; ელექტრო ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება და შშმ პირებისთვის განკუთვნილ გაჩერების ადგილზე პარკირება, გამოიწვევს დაჯარიმებას არსებული 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით. 
  • მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების პარკირება ასევე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 
  • ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობასა და პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10-დან 50 ლარამდე გაიზრდება.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ბექა დავითულიანის თქმით, ცვლილებები ფეხით მოსიარულეების, შშმ პირების, ველოსიპედებითა და ელექტროტრანსპორტით მოსარგებლე მოქალაქეების უფლებების დაცვის მეტი გარანტიას უზრუნველყოფს.

კომენტარები