ბიძინა ივანიშვილი

ღარიბაშვილი ჩანაწერზე: რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი ატეხილი? რამე დანაშაულს ჰქონდა ადგილი?

ირაკლი ღარიბაშვილი

"რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი ატეხილი? რამე დანაშაულს ჰქონდა ადგილი?" - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 25 აპრილს Youtube-ზე გავრცელებულ ჩანაწერს, რომელიც, შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს.  

ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ რუს ბიზნესმენს, ალი უზდენოვს თავად არ შეხვედრია და საქართველოში გამართულ მის შეხვედრებს შედეგი არ მოჰყოლია. 

"საერთოდ, მე არ ვთვლი, რომ პრემიერმინისტრმა უნდა გააკეთოს კომენტარი რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუგებარია, არის ავთენტური საუბარი, არ არის ავთენტური... ჩემთვის საერთოდ წარმოუდგენელია ასეთ საუბრებზე და ასეთ ჩანაწერებზე სპეკულირება და, მით უმეტეს, სერიოზული კომენტარი გაკეთება". - ამბობს ღარიბაშვილი. 

პრემიერმინისტრი გავრცელებულ ჩანაწერს ფალსიფიცირებულს უწოდებს და ამტკიცებს, რომ მისი გამავრცელებლების მიზანი ქვეყანაში ომის დაწყებაა "არიან რა ისინი გამწარებული და, რომ იტყვიან, სასოწარკვეთილები". 

"მე, რა თქმა უნდა, მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, ეს ჩანაწერი არაფრისმთქმელი არ არის საერთოდ. კიდევ ვიმეორე, მსგავსი შინაარსის ჩანაწერებზე მე არ გავაკეთებ... არ მაინტერესებს საერთოდ... მინდა, ერთი რამ გითხრათ - საერთოდ, რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი ატეხილი? რა მოხდა, რამე დანაშაულს ჰქონდა ადგილი, რამე მოხდა ისეთი თუ რაზეა საუბარი? რაზე ველაპარაკებით ჩვენს ხალხს? სანქცირებული ვინ არის? არ მაინტერესებს... ბიზნესმენი დავით ხიდაშელი მოგეხსენებათ კარგად. მან გუშინ გაავრცელა ვრცელი კომენტარი და მე არ ვაპირებ, რომ მისი ერთხელ გავრცელებულის კომენტირება დავიწყო და ხელახლა აგიხსნათ, რას გულისხმობდა. მე მართლაც მომმართა ბატონმა ხიდაშელმა, რომ არსებობდა გარკვეული ბიზნესშემოთავაზებები და მე უბრალოდ ძალიან მარტივად ვუთხარი, რომ ვერ შევხვდებოდი, არ ვიყავი ქალაქში და გადავამისამართე ბიზნეს სექტორთან. როგორც თავადაც დაადასტურა, აღნიშნული ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში, რომელიც დავით ხიდაშელთან ერთად შეხვდა რამდენიმე ბიზნესწარმომადგენელს. 

რაიმე გაგრძელება, რაიმე შედეგი დადგა? 0 [...] თქვენ მიერ ხსენებული ბიზნესმენის, გვარიც არ მახსოვს, შეხვედრებს საქართველოში არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. მე მინდა გითხრათ, რომ მსგავსი სპეკულაციები არის აბსოლუტურად მიუღებელი". - ამბობს ღარიბაშვილი.  


გავრცელებულ ჩანაწერში, სადაც ორ სხვადასხვა დროს შემდგარი სავარაუდო ლაპარაკია ნაჩვენები, სავარაუდოდ ივანიშვილი სავარაუდოდ ევტუშენკოვს ეუბნება, რომ "სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ გაძლებაა საჭირო, რას იზამ". ამის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ რაღაცას "მანდ დავითი მოიტანს", რაც მისივე თქმით, ივანიშვილსაც დააინტერესებს და სხვებსაც.

მეორე ზარის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი, იცნობ შენ მას" და ეკითხება, რომ ბოლოს და ბოლოს შეუძლია შეხვდეს თუ არა, რაზეც თანამოსაუბრე პასუხობს, რომ ის მაშინვე პრემიერს გაუგზავნა.   

მოგვაინებით, ჩანაწერზე დასმული კითხვის საპასუხოდ ევტუშენკოვმა თქვა, რომ ალი უზდენოვი, რომელსაც ჩანაწერში ახსენებენ, საქართველოში ნამდვილად იყო და პრემიერმინისტრსაც შეხვდა. თუმცა, ევტუშენკოვი აღნიშნავს, რომ უზდენოვის ვიზიტის მიზანი დასვენება იყო. 

ჩანაწერს ასევე გამოეხმაურა ბიზნესმენი, ე.წ. კარტოგრაფების საქმის ოქროს მოწმე, დავით ხიდაშელიც - გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, რომ ხიდაშელმა უზდენოვთან შეხვედრები რუსეთიდან ხორბლის შემოტანის საკითხზე გამართა, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილთან კი შეხვედრა არ შემდგარა.    

კომენტარები