ბიძინა ივანიშვილი

ხიდაშელი: უზდენოვთან შეხვედრა ხორბლის შემოტანაზე გავმართე, მას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს

ბიზნესმენი, ე.წ. კარტოგრაფების საქმის ოქროს მოწმე, დავით ხიდაშელი წერს, რომ მის წინააღმდეგ ბოლო დღეების განმავლობაში "დეზინფორმაციული კამპანია" მიმდინარეობს. ხიდაშელი წერს, რომ გუშინ, 25 აპრილს Youtube-ზე გავრცელებულ ჩანაწერში, რომელიც, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს ასახავდეს, სახელი დავითი რამდენჯერმეა ნახსენები, რის გამოც მას ჟურნალისტები დაუკავშირდნენ. წერილს სამთავრობო მედია იმედი ავრცელებს. 

ხიდაშელი ამტკიცებს, რომ ალი უზდენოვს, რომელიც, სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს და ის ბიზნესმენია. ხიდაშელი ასევე წერს, რომ უზდენოვთან შეხვედრები რუსეთიდან ხორბლის შემოტანის საკითხზე გამართა - ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილთან კი შეხვედრა არ შემდგარა.  

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია ჩემს წინააღმდეგ, რომლის მიზანია ჩემი სახელის დისკრედიტაცია. ამიტომ მსურს დავასრულო სპეკულაციები და გავაკეთო განმარტება. რაც შეეხება ინფორმაციას რაჭაში სანადირო მეურნეობასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ მე ვფლობ რამდენიმე სანადირო მეურნეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით - აფრიკასა და ევროპაში. დიდი სურვილი მქონდა, რომ საქართველოსაც ჰქონდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სანადირო მეურნეობა. 4 წლის განმავლობაში მივმართავდი საქართველოს მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან საქართველოში არსებობს 20-მდე სანადირო მეურნეობა და არც ერთი არ არის მიმართული მოსახლეობისა და ტურისტების სარგებლობისთვის. გარდა ამისა, საქართველოში ცხოველთა გარკვეული ჯიშები განადგურებულია და მქონდა სურვილი აღმედგინა. შესაბამისი სპეციალისტებისგან მივიღე რეკომენდაცია, რომ რაჭა იყო ის ტერიტორია, სადაც ცხოველთა ჯიშების ბუნებრივი წესით აღდგენა მოხდებოდა.

ასევე, რამდენიმე წელია ვთანამშრომლობ ესპანურ კომპანიასთან, რომელიც ფლობს გარეული ღორების ფერმებს და საქართველოშიც აქვს თავისი წარმომადგენლობა. აქედან გამომდინარე, მაქვს სურვილი განვავითარო სანადირო მეურნეობები არა მხოლოდ რაჭაში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებში, რითაც ისარგებლებენ ადგილობრივი მოსახლეობაც და რამდენიმე მილიონი ტურისტი, რომლებიც ყოველწლიურად ჩამოდიან საქართველოში.

თუ ვინმეს სურვილი ექნება საქართველოში სანადირო მეურნეობების განვითარების საქმეში შემომიერთდეს, აიღოს ვალდებულება, რომ მოუვლის ტყეს და აღადგენს ცხოველთა ჯიშებს, სიამოვნებით შევქმნი ამხანაგობას და მივცემ შესაძლებლობას ამ სფეროს განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანონ. გარდა ამ პროექტისა, საქართველოში ვახორციელებ 47 პროექტს, რომელიც მოიცავს ყველა სფეროს და სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, სათითაოდ ყველა პროექტზე გავავრცელებ განცხადებებს და მოსახლეობას ინფორმაციას მივაწვდი.

რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ, გაურკვეველი წარმომავლობის ორ აუდიოჩანაწერს, სადაც გაჟღერდა სახელი დავითი, რის შემდეგაც ბევრმა ჟურნალისტმა მომმართა კომენტარისთვის. მორიგი სპეკულაციები რომ არ მოხდეს, გადავწყვიტე მე თვითონ გავაკეთო განმარტება. ვლადიმერ ევტუშენკოვი 30 წელია არის ჩემი მეგობარი, მისი ოჯახის წევრები მუშაობდნენ ჩემს კომპანიებში შვეიცარიაში. მე საქართველოში წლების განმავლობაში არ ვიმყოფებოდი და არ ვსაქმიანობდი. რამდენიმე წლის წინ მთხოვეს ჩავრთულიყავი ერთ-ერთ ბიზნეს საკითხში, რომელიც ეხებოდა "რუსთავის აზოტის" ქარხნის კრედიტს, თუმცა აღნიშნულ საკითხში არ ჩავრეულვარ. "რუსთავის აზოტის" ქარხანას ჰქონდა ევტუშენკოვის კუთვნილი კორპორაცია "სისტემისგან" 100 მლნ დოლარამდე კრედიტი აღებული, რომლის გასტუმრებაც ვერ ხერხდებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ევტუშენკოვი 3-ჯერ იყო ჩამოსული საქართველოში. როგორც ვიცი, სასამართლო დავა კვლავ გრძელდება და არ მსურს დეტალებზე საუბარი, ვინაიდან ეს საკითხი მე არ მეხება.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ალი უზდენოვთან დაკავშირებით და საქართველოში ჩვენს შეხვედრებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ალი უზდენოვი არის ბიზნესმენი და არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. მოგეხსენებათ, საქართველოში ღვინის კონსორციუმის შექმნა დავიწყე და გეგმაში მაქვს ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა. გარდა ამისა, ვამუშავებ შესაძლებლობას, რომ რუსეთში ღვინის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით მოხდეს ხორბლის შემოტანა რუსეთიდან, ვინაიდან საქართველოში არის ხორბლის საჭიროება. ალი უზდენოვთან ერთად სწორედ ამასთან დაკავშირებით გავმართე შეხვედრები საქართველოში ბიზნეს სექტორთან, მეხორბლეებთან. ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა. რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრას, ასეთი შეხვედრა არ შემდგარა. მე მქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, ვთხოვე შეხვედრა, თუმცა პრემიერმა გადაგვამისამართა ბიზნეს სექტორთან. აქვე განვმარტავ, რომ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები რაიმე კონკრეტული შეთანხმებით და შედეგით არ დასრულებულა.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მე ვარ ბიზნესმენი, საქართველოში ვახორციელებ 47-ზე მეტ პროექტს და კვლავ ვაპირებ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა და დავეხმარო საქართველოს სხვადასხვა დარგის განვითარებას. იმის მიუხედავად, რამდენ ბინძურ დეზინფორმაციას გაავრცელებენ და რამდენ ბინძურ კამპანიას ააგორებენ ჩემს წინააღმდეგ, არ ვაპირებ რაიმე პოლიტიკური შეფასების გაკეთებას, ჩემი საქმიანობა ყოველთვის იყო მიმართული საქართველოს კეთილდღეობისკენ და ქართველი ხალხი ამას ხედავს და ყოველთვის დაინახავს 

ალი უზდენოვი კომპანია Система-ს ვიცეპრეზიდენტია - კომპანიის მფლობელი ვლადიმირ ევტუშენკოვია. უზდენოვი 2019 წელს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მეგობრობის ორდენით ჰყავს დაჯილდოვებული.

გავრცელებულ ჩანაწერში, სადაც ორ სხვადასხვა დროს შემდგარი სავარაუდო ლაპარაკია ნაჩვენები, სავარაუდოდ ივანიშვილი სავარაუდოდ ევტუშენკოვს ეუბნება, რომ "სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ გაძლებაა საჭირო, რას იზამ". ამის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ რაღაცას "მანდ დავითი მოიტანს", რაც მისივე თქმით, ივანიშვილსაც დააინტერესებს და სხვებსაც.

მეორე ზარის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი, იცნობ შენ მას" და ეკითხება, რომ ბოლოს და ბოლოს შეუძლია შეხვდეს თუ არა, რაზეც თანამოსაუბრე პასუხობს, რომ ის მაშინვე პრემიერს გაუგზავნა.  

კომენტარები