რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი: პუტინს უკრაინაში უკან დასახევი გზა ჯერ კიდევ აქვს

Ben Stansall/AFP/Getty Images

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, უკრაინაში რუსეთის ყოველგვარი სამხედრო მარცხის შემდეგ, პუტინს უკან დასახევი გზა ჯერ კიდევ აქვს, ვინაიდან აღარაფერი დარჩენია მანევრირებისა და კონფლიქტის დასრულების გარდა.

შეკითხვაზე, თუ რამდენად რეალურია, რომ რუსეთი სამხედრო წარუმატებლობის შემთხვევაში, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას შეეცდება, ბორის ჯონსონმა თქვა, რომ "ამის მოლოდინი არ აქვს".

"პუტინი ცდილობს, რუსულ მედიაში არ გავრცელდეს ცნობები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება რეალურად უკრაინაში, პარადოქსია, მაგრამ ეს ნაბიჯი მას უკან დასახევად მეტ პოლიტიკურ სივრცეს უტოვებს". - ამბობს ჯონსონი. 

ჯონსონს ასევე ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა მოსკოვსა და ლონდონს შორის უთანხმოებაზე მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბრიტანეთს გაფრთხილება შემოუთვალა - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუკი ბრიტანეთი უკრაინაში რუსეთზე თავდასხმის პროვოცირებას გააგრძელებს, მოსკოვისგან "პროპორციულ პასუხს" მიიღებს. 

ჯონსონმა აღნიშნა, რომ უკრაინელებს საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვთ, თუმცა მას არ სურს კონფლიქტის ესკალაცია უკრაინის საზღვრებს მიღმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის მოადგილის, ჯეიმს ჰიპის კომენტარს მოჰყვა, რომელმაც BBC-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინისთვის რუსეთის სიღრმეებში ლოგისტიკური ხაზების სამიზნეში ამოღება სავსებით ლეგიტიმური იქნება, რადგან თუ ეს ხაზები არ დაირღვევა, ის პირდაპირ წვლილს შეიტანს უკრაინულ მიწაზე მასობრივ მკვლელობებში.

კომენტარები