რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა 14 წლის გოგო გააუპატიურეს, ის ორსულადაა და ბავშვის გაჩენას გეგმავს – მედია

GETTY

14 წლის გოგონა ბუჩადან, რომელიც ხუთმა რუსმა ოკუპანტმა გააუპატიურა, ახლა ორსულადაა და ბავშვის გაჩენას გეგმავს. არასრულწლოვნის მშობლების თანხმობით, საქმის დეტალებზე ფსიქოლოგი ალექსანდრა კვიტკო ომბუდსმენის ცხელ ხაზზე საუბრობს.

ფსიქოლოგი ალექსანდრა კვიტკოს სიტყვებით, არასრულწლოვანი მშობიარობას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ბიოლოგიური მამა მოძალადე და ოკუპანტია. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. 

ალექსანდრა კვიტკომ ჟურნალისტებთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ გოგონას ოჯახმა ბავშვის შენარჩუნება ექიმების გაფრთხილების მიზეზითაც გადაწყვიტა - ექიმების თქმით, აბორტის შემთხვევაში, მან შეიძლება შვილები ვეღარ გააჩინოს. 

რადიო თავისუფლება წერს, რომ ოკუპანტებმა არამხოლოდ ქალები, არამედ კაცები და პატარა ბავშვებიც გააუპატიურეს. ფსიქოლოგი ამჟამად 5 არასრულწლოვან ორსულ გოგონასთან მუშაობს. გაუპატიურებულებს შორის ყველაზე პატარა მსხვერპლი 10 წლისაა. 

უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას თქმით, აპრილის ბოლოს ოკუპანტების მიერ სულ მცირე 400 უკრაინელი ბავშვისა და მოზრდილის გაუპატიურების შესახებ გახდა ცნობილი. ობდუსმენი ასევე აღნიშნავს, რომ ამჟამად ოკუპანტების მიერ გაუპატიურების მსხვერპლთა შორის ორსულობის მხოლოდ 12 შემთხვევაა ცნობილი.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები