ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხერხეულიძე: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ზურაბიშვილი შეხვედრაზე დაიბარა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ეკა ხერხეულიძის მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში "დაიბარეს". მან TV პირველის ეთერში თქვა, რომ პრეზიდენტი აშშ-ში "შემთხვევით არ იმყოფება".

"კი მაქვს და არის ინფორმაციები, რომლებიც საჯაროდ არ ითქმევა, მაგრამ არის ეს ინფორმაციები,. ვიცოდი ოთხი დღის წინ, რომ დაიბარეს. დაიბარეს, დასაკითხად კი არა, დაიბარეს შეხვედრისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა. სანამ გამჟღავნდება ეს, გეტყვით მე" - ამბობს ხერხეულიძე და ამატებს, რომ მიზეზი არ იცის. 

გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ ხერხეულიძემ სალომე ზურაბიშვილის აშშ-ში ვიზიტის თემა სააკაშვილზე საუბარს მიაბა, რაზეც ენმ-ის წევრმა თქვა, რომ "თქვენი კითხვიდან გამომდინარე იყო, მე არ მიმიბავს".

"საქმე ისაა, რომ მთავარი თემა მთელ სამყაროში გახლავთ უკრაინა, ამასთან დაკავშირებით სიცხადე მეტია საჭირო და არა ის, რაც აქამდე სალომე ზურაბიშვილს გამოუთქვამს, სრულიად განსხვავებული და განყენებული იყო ხელისუფლებისგან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი საქართველოს პრეზიდენტისგან, დარწმუნებული ვარ, მის რიტორიკას შეემატება სიცხადე, რადგან შემთხვევით არ არის იქ მიწვეული, ეს არ არის გასეირნება, ეს არის პოლიტიკური შეხვედრა, სადაც უნდა გადაწყდეს კონკრეტული საკითხები" - ამბობს ხერხეულიძე.

ინგა გრიგოლიამ აღნიშნა, რომ ვიზიტის მთავარი თემა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაა, რაზეც ხერხეულიძემ თქვა - "იცით, რა, ვნახოთ, კომენტარებზე შევატყობთ, რა ყოფილა მთავარი თემა".

გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი მიიღებს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის გადაწყვეტილებას, რაზეც ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ სჯერა პოლიტიკური იძულების.

"რაც შეხება სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით, მჯერა თუ არა, საერთოდ არ მაქვს მოლოდინი გულწრფელად გითხრათ, ასეთი გულუბრყვილო ადამიანი არ ვარ, მაგრამ მე მჯერა პოლიტიკური იძულების, როდესაც ადამინს რაღაც ზღვრამდე გაქვს გადაწყვეტილება მისაღები იმისთვის, რომ მომავალი განსაზღვრო შენი, როგორი იქნება და თუ აპირებს ის ევროპის მოქალაქედ ყოფნას, აუცილებლად მოუწევს ამ რისკებზე წასვლა, მისი სურვილიდან გამომდინარე იქნება თუ არა, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ამიტომ, იმ კუთხით თუ მეკითხებით, რამე შედეგი დადგება თუ არა, არ გამოვრიცხავ, მაგრამ სურვილი, მისი კეთილი ნება რომ არ იქნება, ასეთი გულუბრყვილო, რა თქმა უნდა, არ ვარ" - თქვა ხერხეულიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტი 26 აპრილს დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი მიწვეულია ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გაიმართება.

კომენტარები