გიორგი მარგველაშვილი

მარგველაშვილი ენმ-ს თავმჯდომარეობაზე: 100%-ით ტყუილია, არც შემოთავაზება, არც განხილვა არ ყოფილა

ტაბულა

ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უარყოფს სამთავრობო ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გახდება. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარ ინფორმაციას, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის სატელეფონო ჩანაწერის გადასაფარად იყენებენ.

"აბსოლუტურად, 100%-ით ტყუილია. არის ხოლმე პატარა, 1% მაინც ხოლმე და შემდეგ პროპაგანდა 99%-ს მიაბამს. არც შემოთავაზება, არც განხილვა, არც მოთელვა, არაფერი მსგავსი არ ყოფილა. სააკაშვილთან მქონდა მიმოწერა უკრაინაში წასვლამდე, ერთად დავგეგმეთ უკრაინაში წასვლა.

[...] სავარაუდოდ, დალაგებული აქვთ ასეთი მოგონილი სკანდალები და არის ხოლმე რაღაც ამბის გადაფარვის მცდელობა. აი, გუშინდელი ამბავი, სავარაუდო განხილვა ოლიგარქებს შორის ფულის სავარაუდო გათეთრებასთან დაკავშირებით, ეტყობა, ეს ამბავი ძალიან მძიმეა, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს ასეთი ნიუსქარიშხალის მოწყობას ვერაფრით ავხსნი". – თქვა მარგველაშვილმა ფორმულასთან საუბარში.

26 აპრილს სახელისუფლებო ტელეკომპანიამ, რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გახდება. მათი ცნობით, მარგველაშვილმა შეთავაზება მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო. 

ტაბულამ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კითხვით ენმ-ს პრესსამსახურს მიმართა. პარტიაში ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ მსგავსი განხილვა არ ყოფილა.

კომენტარები