რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარიუპოლს მიღმა, რუსულ აგრესიას 217 ბავშვი ემსხვერპლა - უკრაინის პროკურატურა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, ოკუპანტების აგრესიას 217 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 391-მა ბავშვმა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი უკრაინის შემდეგ ოლქებში დაშავდა: დონეცკში - 127, კიევში - 114 ხარკოვში - 93, ჩერნიგოვის - 66, ლუგანსკის - 37, ნიკოლაევის - 43, ხერსონის - 44, ზაპოროჟიეს - 27, სუმის - 17, ჟიტომირის - 15.

"მონაცემები საბოლოო არაა, რადგან დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუძლებელია". – ვკითხულობთ გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

დაბომბვების შედეგად დაზიანდა 1 508 სასწავლო დაწესებულება, მათგან 102 მთლიანად განადგურდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები