რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ პარტნიორებთან ერთად უკრაინის კოორდინირებულ სამხედრო დახმარებას განიხილავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ანტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი

დღეს, 26 აპრილს, აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე 40-მდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრს შეხვდება, რათა უკრაინის დახმარების საკითხი განიხილონ.

პენტაგონის უმაღლესმა გენერალმა, მარკ მილიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მთავარი მიზანი კიევისთვის სამხედრო დახმარების სინქრონიზაცია და კოორდინაციაა.

"მომდევნო რამდენიმე კვირა ძალიან, ძალიან კრიტიკული იქნება. ომში წარმატების მისაღწევად მათ [უკრაინის სამხედრო ძალებს] მუდმივი მხარდაჭერა სჭირდებათ და ეს ამ კონფერენციის მთავარი მიზანია". - თქვა მარკ მილმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 24 აპრილს შეხვდნენ. ისინი კიევში იმყოფებოდნენ. 

პრეზიდენტმა ზელენსკიმ აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს რუსეთისთვის სანქციების გამკაცრება, უკრაინისთვის კი, ფინანსური და სამხედრო დახმარება. 

ამასთან ერთად, აშშ უკრაინას NATO-ს სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების მიზნით, დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.

"პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დამატებითი 713 მილიონ დოლარიანი სამხედრო დახმარების გამოყოფას გეგმავს, რათა უკრაინა უფრო მეტად მიუახლოვდეს ნატოს სტანდარტებს. აგრეთვე, კვლავ გაგრძელდება აშშ-ს მიერ უკრაინისთვის აქამდე გამოყოფილი დახმარების მიწოდება და უკრაინელი ჯარისკაცების სწავლება". - ამბობს ბლინკენი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები