რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინელი წარმოშობის კონგრესმენი აშშ-ს უკრაინაში საელჩოს დაბრუნებისკენ მოუწოდებს

CNN

უკრაინელი წარმოშობის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ილინოისიდან, ვიქტორია სპარცმა აშშ-ს მოუწოდა, განაახლოს დიპლომატიური მუშაობა უკრაინაში, რადგან, მისი თქმით, ეს "ძლიერი გზავნილი იქნება უკრაინელი ხალხისთვის". 

"ქვეყნების ნაწილი აბრუნებს [დიპლომატიურ სამუშაოს] კიევში. სულ მცირე, რაც შეგვიძლია გავაკეთეთო ესაა, რომ ლვოვში დავბრუნდეთ". - თქვა სპარცმა CNN-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ნებისმიერი სამსახური - იქნება ეს დიპლომატიური თუ პოლიტიკური, რისკს გულისხმობს. ამასთანავე, სპარცის განმარტებით, "თუ სამუშაო ადგილზე არ ხარ, საქმის გაკეთება ძალიან რთულია".

აშშ-მ და სხვა ქვეყნებმა საკუთარი საელჩოები და საკონსულოები ომის დაწყებამდე კიევიდან ლვოვში გადაიტანეს. თანამდებობის პირები ლვოვიდან მალევე პოლონეთში გადავიდნენ და ლვოვში სამუშაოდ ბრუნდებოდნენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტმა ლვოვში ყველა დიპლომატიური სამსახური შეაჩერა.

რამდენიმე დღის წინ, 22 აპრილს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ბრიტანეთი კიევში საელჩოს ხელახლა გახსნის მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ის დროებით ლვოვში გადაიტანა. დიდი ალბათობით, საელჩო მომდევნო თვის დასაწყისში გაიხსნება.

კომენტარები