რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერდოღანმა და ზელენსკიმ მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში ნებისმიერი შესაძლო დახმარებისთვის მზად არის.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ მარიუპოლიდან დაჭრილებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია აუცილებლად უნდა უზრუნველყონ. ასევე, თურქეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნას მიესალმება.

თურქეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარზე ვოლოდიმირ ზელენსკიც იტყობინება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან და ერდოღანმა რუსეთის მიერ ოკუპირებული საპორტო ქალაქ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის დაუყოვნებლივი ევაკუაციის აუცილებლობა განიხილეს. ასევე, რუსეთის ჯარებით გარშემორტყმული, თუმცა უკრაინის მიერ კონტროლირებადი აზოვსტალის ქარხანა და ქარხანაში ჩარჩენილი უკრაინელი ჯარისკაცების ტყვეებში გაცვლის საკითხი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. ამის ფონზე, კი რუსეთი დასავლეთის ქვეყნებს "რუსოფობიაში" ადანაშაულებს.

კომენტარები