რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ელჩი აშშ-ში ამბობს, რომ ვაშინგტონში საელჩო ვეღარ ფუნქციონირებს

ანატოლი ანტონოვი
TASS

Reuters -ი რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის თქმით ვაშინგტონში საელჩოს მუშაობა "დაბლოკილია". ასევე, სრულად დახურულია საბანკო ანგარიშებიც.

"საელჩო აშშ-ს სამთავრობო უწყებების მიერაა დაბლოკილი, ჩვენი ორი საკონსულო ანგარიში ჰიუსტონსა და ნიუ იორკში კი Bank of America-მ დახურა.

ჩვენ ვიღებთ სატელეფონო და წერილობით მუქარებს. მეტიც, იყო შემთხვევა, როდესაც საელჩოდან გასასვლელიც კი გადაკეტეს". - თქვა ანატოლი ანტონოვმა. 

ასევე, რუსეთის ელჩმა პოლონეთში Reuters-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მარტში საელჩოს საბანკო ანგარიშების დაბლოკვამ შესაძლოა საბოლოოდ შეაფერხოს ინსტიტუტის ფუნქციონირება, ამის საპასუხოდ კი რუსეთი თავად შეაჩერებს პოლონეთის საელჩოს მუშაობას მოსკოვში.

რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ამ დრომდე რუსი დიპლომატები საკუთარი ქვეყნებიდან იაპონიამ, მონტენეგრომ, ავსტრიამ, საბერძნეთმა, ესპანეთმა, იტალიამ, დანიამ, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, ბელგიამ, ირლანდიამ, შვედეთმა და საფრანგეთმაც გააძევეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. ამის ფონზე, კი რუსეთი დასავლეთის ქვეყნებს "რუსოფობიაში" ადანაშაულებს.

კომენტარები