რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აზოვი: სანამ ჩვენ აქ ვართ, მარიუპოლი უკრაინაა, მარიუპოლი მუდამ უკრაინა იქნება

აზოვის პოლკის სამხედრო, 2014 წელი

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა, რომელიც მარიუპოლის დაცვაში მონაწილეობს, BBC-სთან ისაუბრა

პალამარმა მედიასთან საუბარში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მარიუპოლის მცველები ტყვედ ჩაბარებას არ აპირებენ. აზოვის კაპიტანი თქმით, არ უნდა დაუჯერონ რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს, რომ ისინი მარიუპოლს აკონტროლებენ.

"ჩემს მიმართვებში მუდამ ვამბობ, რომ სანამ აქ ვართ, მარიუპოლი უკრაინაა. მარიუპოლი მუდამ უკრაინა იქნება, რაც არ უნდა თქვან". – თქვა პალამარმა. 

ხუთშაბათს, 21 აპრილს რუსეთმა გამოაცხადა, რომ მარიუპოლი მათ კონტროლს ექვემდებარება, რის შემდეგაც ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ქალაქში მდებარე აზოვსტალის ქარხანაზე იერიში შეეჩერებინათ, რადგან თავიდან აეცილებინათ რუსი სამხედროების დანაკარგი. პუტინის ბრძანებით, აზოვსტალი, სადაც აზოვის პოლკია გამაგრებული, ისეთ ალყაში დარჩება, რომ "ბუზიც ვერ გამოფრინდეს".

პალამარმა BBC-სთან აღწერა ქარხანაზე რუსული იერიშები.

"ქარხანაზე შტურმი ღამითაც გრძელდებოდა, სახომალდო არტილერიის დახმარებით, ისროდნენ ზღვიდან. ციდან დიდი სიმძიმის ძლიერ ბომბებს ყრიან, მუდმივ საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ. ისვრიან ზალპური ცეცხლის სისტემებიდან. ისვრიან ქვემეხებით". – თქვა პალამარმა. 

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ ასევე კიდევ ერთხელ ახსენა გასულ დღეებში რუსული ჯავშანტექნიკის განადგურების ფაქტი, რომელიც გუშინ, 21 აპრილს პოლკის Twitter-ზეც გამოქვეყნდა.

"ტანკების მხარდაჭერით შემოიჭრა საბრძოლო ტექნიკის კოლონა, ჯავშანტრანსპორტიორები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები. შემოღწევას ცდილობდა მრავალი ქვეითი. მათ არაფერი გამოუვიდათ. გავანადგურეთ 3 ტანკი, 2 ჯავშანტრანსპორტიორი, 1 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ასევე მოწინააღმდეგის ბევრი ქვეითი. შტურმები არ გამოუვიდათ". – თქვა პალამარმა, თუმცა არ დაუსახელებია ამ შემთვევის ზუსტი თარიღი. 

პალამარის თქმით, აზოვსტალის ტერიტორიაზე რჩება ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. მან ისაუბრა მათი ევაკუაციის სირთულეებზეც.

"რამდენიმე დღის წინ, როცა რუსეთის ფედერაციის სამხედროებმა საევაკუაციო დერეფნის შესახებ გამოაცხადეს, გეტყვით, რომ სროლები არ შეწყვეტილა. ხალხს რომც გაერისკა, სროლაში მოყვებოდნენ და ნამდვილად დაიღუპებოდნენ. მათ სარდაფების დატოვების შესაძლებლობა არ აქვთ". – აღნიშნა აზოველმა კაპიტანმა BBC-სთან. 

აზოვის ერთ-ერთმა მეთაურმა კიდევ ერთხელ ახსენა მესამე მხარის მიერ მათი და აზოვსტალში მყოფი მოსახლეობის ევაკუაციის შესაძლებლობა. 

"არაერთხელ ვთქვით, რომ ტყვედ ჩაბარებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვიბრძოლებთ. მხოლოდ განვიხილავთ მარიუპოლის ტერიტორიიდან გასვლას უსაფრთხო ტერიტორიაზე, საკუთარი იარაღით, მცირე იარაღით". – თქვა პალამარმა. 

მისი თქმით, მარიუპოლის მცველებმა რუსეთის საოუკუპაციო ძალებს დიდი დანაკარგი მიაყენეს, თუმცა ახლა დაცვის ისეთი შესაძლებლობა აღარ აქვთ, როგორიც თავიდან ჰქონდათ. 

"თავდაცვის საშუალება, კარგად ბრძოლის საშუალება, ასე ვთქვათ, ისეთი, რა თქმა უნდა, აღარ გვაქვს, როგორიც თავიდან გვქონდა. მარაგები იწურება, საბრძოლო მასალა და ა.შ. ამიტომაც, მომხრე ვართ ჩვენი სამხედროების ევაკუაციაზეც". – დაამატა პალამარმა. 


მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

მარიუპოლის მცველთა ერთ-ერთმა მეთაურმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგიი ვოლინამ ვიდეომიმართვაში მსოფლიოს ლიდერებს დახმარებისთვის მიმართა.

"ვიცავთ ერთ ობიექტს, ქარხანას, სადაც ომში მომწყვდეული მარიუპოლის სამხედრო გარნიზონი და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს დახმარებისთვის. ვთხოვთ გაყვანის პროცედურის შესრულებასა და ჩვენი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაყვანას. მარიუპოლის გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია, არიან ასობით მოქალაქეები, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მადლობა". – ამბობდა ვოლინა.

20 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზოვსტალზე შტურმი მიზანშეწონილი არ არის და მას თავდასხმის გაუქმება უბრძანა.  პუტინმა აზოვსტალის პოლკს დანებებისკენ მოუწოდა და ამტკიცებს, რომ მათი უსაფრთხოება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით იქნება დაცული. 

19 აპრილის დილიდან რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანაზე იერიში დაიწყეს. ოკუპანტები ბომბავენ ქარხნის ტერიტორიას, ასევე ლევობერეჟნის რაიონს, სადაც, უკრაინული მხარის ცნობით, მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს თავს. რუსეთმა აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებულ აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლებს რამდენჯერმე მოუწოდა დანებებისკენ.  

უკრაინის ოფიციალური პირების ვარაუდით, სიტუაცია მარიუპოლში გაცილებით უარესია იმასთან შედარებით, რაც მსოფლიომ ბუჩასა და კიევის მახლობლად სხვა ქალაქებსა და სოფლებში იხილა. 

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები