რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი სააღდგომოდ უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობაზე უარს ამბობს

რუსეთი უკრაინაში სააღდგომოდ ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობასა და მშვიდობიანი მისახლეობის ევაკუირებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთის წარმომადგენელმა ისაუბრა.

რუსეთის წარმომადგენლის მტკიცებით, ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებების რეალური მიზანი უკრაინის შეიარაღებული ძალების რეორგანიზება და შეიარაღების მომარაგებაა.

"არ დავმალავ, რომ ძალიან ყალბად და არაგულწრფელად ჟღერს მშვიდობისკენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებები, რაც, რეალურად, მხოლოდ იმის სურვილია, კიევის ნაციონალისტებსა და რადიკალებს მიეცეთ საშუალება, რეორგანიზება მოახდინონ, მიიღონ დრონების ახალი ნაკადი, ასევე ახალი არაადამიანური პროვოკაციები მოაწყონ და რუს ჯარისკაცებზე ფეიკები მოამზადონ. 

ფსევდო-სამშვიდობო მოწოდებებს ჩვენ საფუძვლიანად განვასხვავებთ ჩვენი გულწრფელი მისწრაფებისგან, დავეხმაროთ უკრაინას, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. რაც უფრო მალე გააკეთებს ამას უკრაინა, მით უფრო უკეთესი იქნება მისთვის. ასეა თუ ისე, სპეციალური ოპერაცია დონბასის გასათავისუფლებლად, უკრაინის დემილიტარიზებისა და დენაციფიკაციისთვის და რუსეთის მიმართ საფრთხის აღმოსაფხვრელად აუცილებლად შესრულდება". – თქვა რუსეთის წარმომადგენელმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები