რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოიგუ: დონეცკისა და ლუგანსკის გათავისუფლების გეგმა თანმიმდევრულად მიმდინარეობს

სერგეი შოიგუ და ვლადიმირ პუტინი

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს სიტყვებით, დონეცკისა და ლუგანსკის "გათავისუფლების გეგმა" თანმიმდევრულად მიმდინარეობს და, მისივე თქმით, აშშ და დასავლეთის ქვეყნები "ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სპეცოპერაცია მაქსიმალურად შეფერხდეს". 

"სპეციალური სამხედრო ოპერაციისას რუსეთის არმია მთავარსარდლის მიერ დასახულ ყველა დავალებას ასრულებს. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების გათავისუფლების გეგმა თანმიმდევრულად მიმდინარეობს. მიიღება ზომები მშვიდი ცხოვრების დასამყარებლად. ოპერაციაში მონაწილე რუსი სამხედროები მოვალეობის შესრულებისას გამბედაობასა და გმირობას ავლენენ.

ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთის ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სპეცოპერაცია მაქსიმალურად შეფერხდეს. უცხოური იარაღის მიწოდების გაზრდა აშკარად მეტყველებს მათ განზრახვებზე, პროვოცირებას უწევს კიევის რეჟიმს, იბრძოლოს ბოლო უკრაინელამდე". - ამბობს შოიგუ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები