გერმანიის პოლიცია და პროკურატურა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამართლების გამო 140-ზე მეტ საქმეს იძიებს. ინფორმაციას Redaktionsnetzwerks Deutschland ჯგუფი 18 აპრილის ნომერში ავრცელებს.
აღძრული საქმეების უმეტესობა ასო Z-ის გამოყენებას უკავშირდება, რომელიც რუსეთის თავდასხმის სიმბოლოა.
აღნიშნული სიმბოლოს საჯარო ადგილებში გამოსახვა გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით, ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქსონია-ანჰალტში ამ მუხლით 19 საქმე გაიხსნა, ჰამბურგში - 17, აქედან 16 ამ სიმბოლოს ეხება. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გამართლების გამო 37 საქმეა გახსნილი, მათგან 22 ასევე Z-ის სიმბოლოს უკავშირდება.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





