რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: მოლაპარაკებების გზაზე მარიუპოლი შესაძლოა წითელი ხაზი იყოს

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ CBS News-თან ინტერვიუში თქვა, რომ მოლაპარაკებების გზაზე მარიუპოლი შესაძლოა წითელი ხაზი გახდეს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დიალოგი რუსეთისა და უკრაინის საგარეო სამინისტროებს შორის არ შემდგარა.

"მარიუპოლი შეიძლება წითელი ხაზი იყოს.

რაც შეეხება კომუნიკაციას - კომუნიკაცია მიმდინარეობს სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს შორის. ისინი აგრძელებენ კონსულტაციებს ექსპერტების დონეზე, მაგრამ მაღალი დონის მოლაპარაკებები ამჟამად არ მიმდინაროებს" - ამბობს დმიტრო კულება. 

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის თქმით, რუსეთის დანებებასთან დაკავშირებული მოთხოვნის მიუხედავად, მარიუპოლში უკრაინის ჯარები კვლავ იბრძვიან.

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს კიდევ ერთხელ წაუყენეს ულტიმატუმი და მათ დანებებისთვის დრო მისცეს. კერძოდ, კვირას, მოსკოვის დროით დილის 06:00 საათიდან 13:00 საათამდე, იარაღის დაყრისა და ნებაყოფლობით ჩაბარებისკენ მოუწოდეს

უკრაინის ოფიციალური პირების ვარაუდით, სიტუაცია მარიუპოლში გაცილებით უარესია იმასთან შედარებით, რაც მსოფლიომ ბუჩასა და კიევის მახლობლად სხვა ქალაქებსა და სოფლებში იხილა. 

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები