რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სევეროდონეცკში ახალი სასაფლაო გაჩნდა, ომის დროს 400-ზე მეტი ადამიანი დაკრძალეს – გაიდაი

Carolyn Cole/Los Angeles Times

ლუგანსკის რეგიონის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ სევერდონეცკში ახალი სასაფლაო გაჩნდა. ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარის, სერგეი გაიდაის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ აქ 400-ზე მეტი ადამიანი დაკრძალეს.

"ქალაქში, დაახლოებით, 20 000 მცხოვრები რჩება, 24 თებერვლამდე აქ 130 000 ადამიანი ცხოვრობდა". – წერს გაიდაი.

16 აპრილს ასევე გავრცელდა ინფორმაცია კიევის ოლქის ქალაქ ირპენში აღმოჩენილი ახალი სასაფლაოს შესახებ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები