რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად დამატებით €50 მილიონს გამოყოფს

Frederick Florin / AFP

უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის ევროკავშირმა დამატებით 50 მილიონი ევრო ($54 მილიონის ეკვივალენტი) გამოყო

დახმარების პაკეტიდან 45 მილიონი ევრო უკრაინაში ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებას მოხმარდება, დარჩენილი €5 მილიონი კი ლტოლვილთა კრიზისთან გასამკლავებლად უკრაინის მეზობელ სახელმწიფოს, მოლდოვას გადაეცემა.

"დავეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებიც ძნელად მისადგომ ადგილებში არიან და არ აქვთ წვდომა ჯანდაცვაზე, წყალსა და ელექტროენერგიაზე და მათ, ვინც იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა და ყველაფერი უკან მოეტოვებინათ". - აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენელმა კრიზების მართვის საკითხებში, იანეს ლენარჩიჩიმ. 

ომის დაწყებიდან ევროკავშირმა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის ჯამში 143 მილიონი ევრო დახარჯა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

კომენტარები