რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელები პაპ ფრანცისკეს "ჯვრის გზის" მსვლელობის გამო აკრიტიკებენ

„ჯვრის გზის“ მსვლელობისას ჯვარი უჭირავთ რუს ალბინას და უკრაინელ ირინას. რომი, 15 აპრილი, 2022 წელი

15 აპრილს, რომში, კოლოსეუმში პაპმა ფრანცისკემ „ჯვრის გზის“ მსვლელობა ჩაატარა, რომლის დროსაც რუს და უკრაინელ ქალებს ჯვარი ერთად ეჭირათ. შერიგების ნაჩქარევ ჟესტს უკრაინელები "გაუგებარსა" და "არაადეკვატურს" უწოდებენ. 

"ეს იდეა შეუსაბამო და ორაზროვანია, ვინაიდან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექსტს არ ითვალისწინებს. ეს შეურაცხმყოფელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი გაძლიერებული ჯარებით უფრო აგრესიულ თავდასხმებს გეგმავს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ". - თქვა კიევის ბერძნულ-კათოლიკე მთავარეპისკოპოსმა, სვიატოსლავ შევჩუკმა.

10 აპრილს, პაპმა ფრანცისკემ ბზობის კვირის ღვთისმსახურების დასასრულს, წმინდა პეტრეს მოედნიდან 50 000-ზე მეტ ადამიანს 2019 წლის შემდეგ პირველად მიმართა და უკრაინაში მხარეებს სააღდგომო დაზავებისკენ მოუწოდა.

"დადეთ იარაღი! დაე, დაიწყოს სააღდგომო ზავი. მაგრამ არა ძალების აღდგენისა და ხელახლა შეიარაღებისთვის, არამედ ეს იყოს დაზავება, რომლითაც მიიღწევა მშვიდობა რეალური მოლაპარაკებების გზით, გარკვეულ მსხვერპლზე წასვლის ფასად, ხალხის სიკეთისთვის". - თქვა პაპმა ფრანცისკემ.

პაპმა ფრანცისკემ რუსეთზე აშკარა მინიშნებით, ეჭვქვეშ დააყენა ომში გამარჯვებულის მნიშვნელობა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

 

კომენტარები