დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ჰამასი სრულ მობილიზაციას აცხადებს და პალესტინელებს ალ-აკსას მეჩეთთან შეკრებისკენ მოუწოდებს

ღაზის სექტორში ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის წევრები აღნიშნავენ თელ-ავივში მომხდარ სროლას, 2022 წლის 8 აპრილი.
The Times of Israel

14 აპრილს პალესტინური ანკლავის, ღაზის სექტორის მმართველმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ჰამასმა სრული მობილიზაცია გამოაცხადა და პალესტინელებს ალ-აკსას მეჩეთთან შეკრებისკენ მოუწოდა

ამის შემდეგ, 15 აპრილს ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკებები დაიწყო. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

რამადანის თვეში, რომელიც მუსლიმთათვის წმინდა თვეა, იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთის გარშემო დაძაბული სიტუაცია ხშირად იქმნება. 

"ვაცხადებთ სრულ მობილიზაციას, ყველგან სადაც ჩვენი ხალხია. მასებს მოვუწოდებთ, რომ გამოვიდნენ ასიათასობით, რათა დავიცვათ ჩვენი ერი და ჩვენი მეჩეთი". – გამოაცხადა ჰამასმა. 

პარალელურად, ისრაელის მმართველ კოალიციაში მყოფი ისლამისტური პარტია, რაამი მთავრობას აფრთხილებს, რომ მოვლენები კოალიციის არსებობას საფრთხეს უქმნის. კოალიციამ ქნესეთში ადგილების უმრავლესობა გასულ კვირაში დაკარგა, მას შემდეგ, რაც ის იდით სილმანმა დატოვა. ქნესეთში ადგილები მმართველ კოალიციასა და ოპოზიციას შორის ამჟამად თანაბრადაა გადანაწილებული და ორივე მათგან 60-60 მანდატი აქვთ.

ბოლო კვირაში პალესტინელებსა და ებრაელებს შორის დაძაბულობა კვლავ გაიზარდა. მოხდა შეტაკებებიც, რასაც 14 აპრილს სამი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, სილვადთან და ბეთლემთან. პარალელურად, გასულ დღეებში გახშირებული იყო ისრაელის მოქალაქე არაბებისა და დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელების ტერორისტული თავდასხმები, რასაც 14 ადამიანი ემსხვერპლა. 

ამ თვეში ერთმანეთს ემთხვევა სხვადასხვა რელიგების დღესასწაულები ქრისტიანული აღდგომა, იუდაისტური პასექი და ისლამური რამადანი, რაზეც ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებმა მოსახლეობა შესაძლო ძალადობის ზრდის შესახებ გააფრთხილეს. 

13 აპრილს ჰამასი დაემუქრა ებრაელ აქტივისტებს, რომლებიც მსხვერპლშეწირვის რიტუალების ჩატარებას ტაძრის მთაზე აპირებდნენ.

ტაძრის მთაზე, როგორც ებრაული მედია უწოდებს, ექსტრემისტი ებრაელების მცირე ჯგუფი ბიბლიურად სავალდებულო მსხვერპლშეწირვის ჩატარებას ცდილობენ ხოლმე, რაშიც მათ გასულ წლებში ხელი პოლიციამ შეუშალა. 

გასულ წელს ალ-აკსას მეჩეთის გარშემო არსებულ დაძაბულობას ღაზის სექტორსა და ისრაელს შორის 11-დღიანი კონფლიქტი მოჰყვა, რომლის დროსაც ჰამასმა და სხვა პალესტინურმა დაჯგუფებებმა ისარელის მიმართულებით 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს.

კომენტარები