უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი BBC-სთან ინტერვიუში ევროპულ ქვეყნებს "სხვა ხალხის სისხლით ფულის გამომუშავებაში" ადანაშაულებს. ზელენსკი ამბობს, რომ ამას აკეთებენ ქვეყნები, რომლებიც რუსეთისგან ნავთობის ყიდვას აგრძელებენ.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი გამოყო და ქვეყნები ემბარგოს დაბლოკვის მცდელობაში დაადანაშაულა.
"ჩვენს ზოგიერთ მეგობარსა და პარტნიორს ესმის, რომ ახლა სხვა დროა, რომ ეს აღარ არის ბიზნესისა და ფულის საკითხი, რომ ეს გადარჩენის საკითხია". - ამბობს ზელენსკი.
ზელენსკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქვეყნებს, მიაწოდონ უკრაინას მეტი იარაღი და ამბობს, რომ ომში მყოფი უკრაინა მარაგს საკმარისად სწრაფად არ იღებს, რათა რუსეთის თავდასხმა თავიდან აიცილოს.
"აშშ, დიდი ბრიტანეთი, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა - ისინი ცდილობენ, დაგვეხმარონ და გვეხმარებიან". - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, თუმცა, მისივე სიტყვებით, შეიარაღების მიწოდება ახლა და უფრო სწრაფად სჭირდებათ.
ზელენსკი BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ სისასტიკემ, რომელიც ოკუპანტებმა ბუჩაში, მარიუპოლსა და ბოროდიანკაში ჩაიდინეს, კიდევ უფრო შეამცირა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების შესაძლებლობა. მისივე თქმით, "ემოციების მთელი სპექტრი განიცადა", როდესაც გასულ კვირას ბუჩას ეწვია, თუმცა, დღე დაასრულა "არაფრით, გარდა რუსი სამხედროების მიმართ სიძულვილისა".
"მათ შეუძლიათ, გაგვანადგურონ, მაგრამ ჩვენ ვუპასუხებთ, მათ მოკლვლა შეუძლიათ, თუმცა თავადაც დაიხოცებიან. ვერ ვხვდები, რისთვის, ვერ ვხდები, რატომ მოვიდნენ". - ამბობს ზელენსკი.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.





