საქართველო-უკრაინა

დეკანოიძე: დელეგაციაში ენმ-ს წევრები არ იქნებიან, მართებული არაა ოცნებასთან ერთად წასვლა

საქართველოს პარლამენტი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ხატია დეკანოიძის თქმით, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს, მისი ფრაქციის წევრები არ იქნებიან. დეკანოიძის შეფასებით, "მართებული არ არის" ქართულ ოცნებასთან ერთად დელეგაციაში ყოფნა.

"არავის მიწვევა არ მჭირდება უკრაინაში რომ ჩავიდე, ჩემთვის უკრაინა არ არის ის, რომელ დელეგაციაში ვიქნები, უკრაინა არის გაცილებით დიდი, ვიდრე რაიმე სახის დაპირისპირება. შალვა პაპუაშვილის სამწუხარო გადაწყვეტილება იყო, არ წასულიყო და სამძიმარი არ გამოეცხადებინა. მიხარია, რომ გადაწყვეტილება შეიცვალა. კარგი იქნება, ვინც არ ყოფილა კიევში, ჩავიდეს. ყველას მოვუწოდებ, წყნარად მშვიდად და ღირსეულად მიიღოს ეს საკითხი. კარგია, რომ პაპუაშვილი მიდის. სამარცხვინო იყო ის წერილი, რომელიც სტეფანჩუკს გაუგზავნა. კარგია, ვინც მიდის, მაგრამ ამ დელეგაციაში ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები არ იქნებიან. რა თქმა უნდა, მე ჩავალ კიევში ბევრჯერ“, – განაცხადა დეკანოიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში კვირის ბოლოს წავა. მასში ქართული ოცნების მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და დავით სერგეენკო შედიან. რაც შეეხება ოპოზიციას, ქართული ოცნების განცხადებით, მათი შეთავაზება იყო, ოპოზიციის კვოტითაც სამი ადამიანი წასულიყო, რაზეც ოპოზიციის უმრავლესობისგან [ლელოს გარდა] უარი მიიღეს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ამის შემდეგ, ოპოზიციას შეთავაზეს, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან იყოს თითო წარმომადგენელი. 

"საპარლამენტო უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა, რომ არ გაზარდოს თავისი წარმომადგენლობა. ამ შემთხვევაში თანაბრობის პრინციპი დაირღვევა და ოპოზიციური უმრავლესობის დელეგაცია იქნება. თუმცა, გამომდინარე ამ ვითარებიდან, ეს შეთავაზება, ვფიქრობ, სწორი იყო და აქედან გამომდინარე, თხოვნა მექნება ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომ დროულად მოგვაწოდონ საკუთარი კანდიდატები ამ დელეგაციისთვის" - ამბობს პაპუაშვილი.

კომენტარები