საქართველოს პარლამენტი

განზრახ მკვლელობისთვის პატიმრობის მინიმალური ვადა 7-დან 10 წლამდე იზრდება – კანონპროექტი

პარლამენტში ქართულის ოცნების ფრაქციამ დააინიცირა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, განზრახ მკვლელობისთვის დაწესებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ ვადად, ნაცვლად დღეს მოქმედი 7 წლისა, 10 წელი, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ნებისმიერი სახის განზრახი მკვლელობისთვის კი 16-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრება.

ამასთან, მკაცრდება სასჯელები ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანებისთვის.

"გასულ კვირას, მმართველმა გუნდმა დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ცალკეულ დანაშაულთა წინააღმდეგ პრევენციული სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის პროპორციული სასჯელის განსაზღვრას". – თქვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

წარმოდგენილი კანონპროექტით ასევე ახლებურად მოწესრიგდება სისხლის სამართლის პროცესში ციფრული მტკიცებულების მოპოვების წესი.

კომენტარები